აზერბაიჯანის სასამართლომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა.
მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა.
მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.